მონასტრის ისტორია

*********************************************************


    ბოდბის მონასტერს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს სულიერ ცხოვრებაში. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ აქ განისვენებს ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთა სწორი წმიდა ნინო. დაბა „ბოდბისი“ უფალმა ჯერ კიდევ წმიდა ნინოს სიცოცხლეში განადიდა, როგორც მისი სათნომყოფელის მომავალი განსასვენებელი. და იმ დროიდან მოყოლებული წმიდა ნინოს საფლავი მადლისა და კურნების ცხოველ წყაროდ იქცა ქართველი ერისათვის.
14 წლის იყო წმიდა ნინო, როცა ღვთისმშობლის ბრძანებით მისი წილხვედრი ქვეყნისკენ გამოემართა. აქ მან მრავალი ცრემლით, ლოცვითა და მკაცრი მოღვაწეობით სრულყო თავისი მოციქულებრივი ღვაწლი და წარმართობის ნისლით დაფარული ერი ჭეშმარიტების ნათელს აზიარა.
წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი,
სადაც დაკრძალულია წმიდა ნინო
წმინდა ნინოს დროიდან მოკიდებული ბოდბის მონასტერი ქართველ მეფეთა და დიდებულთა უპირველესი ზრუნვის საგანს წარმოადგენდა.
V ს. ვახტანგ გორგასალმა გაამშვენა და გააფართოვა ტაძარი, ხოლო სამნავიანი ბაზილიკის სახე მან VIII-IX ს.ს. მიიღო.
XII საუკუნეში, დავით აღმაშენებლის ძის, დემეტრე I-ის მეფობის ხანაში, კიდევ ერთხელ შეიმკო წმიდა ნინოს განსასვენებლი.
მოციქულთა სწორის საფლავი იმდენად პატივცემული იყო, რომ მონღოლებმა, რომლებმაც მიწასთან გაასწორეთ მთელი ქვეყანა, დაუნგრეველ-აუოხრებელი დატოვეს მხოლოდ ბოდბის ტაძარი, თუმცა ისიც არა უვნებლად.
შუა საუკუნეებში ამ ტაძარში იკურთხებოდნენ კახთა მეფეები. სხვათა შორის, ბოდბის ტაძარში თეიმურაზ I-ის აღსაყდრებას თავად შაჰ-აბასიც კი დასწრებია, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რამდენიმე წლის შემდეგ იავარეყო მონასტერი, რომლის აღდგენასაც შემდგომ დიდი ღვაწლი თავად მეფე თეიმურაზ I-მა დასდო.
იოანე ბოდბელი. ფრესკა (1823 წ.)
ბოდბის მონასტერი ოდითგანვე არა მარტო სულიერ, არამედ კულტურულ-საგანმანათლებლო კერასაც წარმოადგენდა. XVII საუკუნიდან აქ მოქმედებდა სასულიერო სასწავლებელი, რომელშიც გარდა საღვთისმეტყველო საგნებისა, საერო მეცნიერებებიც ისწავლებოდა. აქვე იყო საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი წიგნთსაცავი. XVIII საუკუნის II ნახევრიდან ბოდბეში საკმაოდ მრავალრიცხოვანი მამათა მონასტერი არსებობდა.
ეგზარქოსების მიერ ბოდბის ეპარქიის გაუქმებამდე მისი უკანასკნელი მღვდელმთავარი ცნობილი საეკლესიო მოღვაწე იოანე მაყაშვილი იყო. იოანე ბოლნელის ღვაწლით 1823 წელს კიდევ ერთხელ შეიმკო და გამშვენდა სავანე, მოიხატა ტაძარი, გაკეთდა ახალი კანკელი (მხატვრობაცა და კანკელიც დღემდეა შემორჩენილი), აშენდა საეპისკოპოსო სასახლე კარის ეკლესიითურთ. იოანე მაყაშვილის გარდაცვალებასთან (1837 წ.) ერთად ბოდბის ეპარქიაც გაუქმდა და მონასტერიცა და სემინარიაც მოიშალა. ამ დროიდან ბოდბეს არქიმანდრიტები განაგებდნენ. მათ შორის გამორჩეული ადგილი არქიმანდრიტ მაკარის ეკავა. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას ქართული გალობის აღორძინებას აქცევდა. მას ამ საქმისთვის საგანგებოდ მოუწვევია მღვდელი გრიგოლ კარბელაშვილი და გალობის სკოლა გაუმართავს. თუ როგორი იყო ეს სკოლა, ამაზე ნათლად მეტყველებს დიმიტრი ყიფიანის წერილი, არქიმანდრიტ მაკარისადმი მიწერილი: „სული ჩემი დასტკბა, რა ვისმინე გალობა ჩვენი ძველებური, თქვენის ზრუნვითა და მეცადინეობით განახლებული“. მისივე დროს, 1862 წელს, დაიწყო სამსართულიანი სამრეკლოს მშენებლობა, რომელიც 1885 წელს მღვდელმონაზონ ნიკოლოზ მიქელაძის წინამძღვრობისას დასრულდა.

ბოდბის მონასტერი XX საუკუნის დასაწყისში
XIX საუკუნის 80-იან წლებში ეგზარქოსების მიერ დაუმსახურებლად მივიწყებულ და უპატრონოდ დარჩენილ სავანეს დიდი ამაგი დასდო ცნობილმა ჰაგიოგრაფმა და ხატმწერმა მიხეილ საბინინმა. მან წმიდა ნინოს საფლავის ძველი ქვა მარმარილოს ლუსკუმით შეცვალა. მისივე დაუღალავი მოღვაწეობით შემზადდა ნიადაგი აქ დედათა მონასტრის გახსნისათვის.
ბოდბის მონასტრის იღუმენია
თამარ მარჯანიშვილი (1902-1907 წწ.)
იმავე საუკუნის მიწურულს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III ეწვია ამ ადგილს და მისი ბრძანებით 1889 წელს ბოდბეში დედათა მონასტერი გაიხსნა, აქვე მოქმედებდა ქალთა სასწავლებელი. 1902-1906 წლებში მონასტრის წინამძღვარი იუვენალია II იყო (ერობაში თამარ მარჯანიშვილი, დიდ სქემაში თამარი, კოტე მარჯანიშვილის და; მისი წმიდანად შერაცხვის საკითხი ამჟამად განიხილება რუსეთის ეკლესიის მიერ). საქართველოს ეკლესიისათვის ამ ურთულეს პერიოდში, როდესაც მთელი ძალით მიმდინარეობდა გარუსების პოლიტიკა, თამარ მარჯანიშვილის ძალისხმევით ბოდბის ქალთა სასწავლებელში ქართული ენის სწავლება სავალდებულო გახდა პირველიდან დამამთავრებელ კლასამდე. მისივე დამსახურებით ბოდბის ტაძარში მისი წინამძღვრობისას წირვა-ლოცვაცა და გალობაც, რომელაც იღუმენია იუვენალია თავად ასწავლიდა გოგონებს სასწავლებელში, ქართულად მიმდინარეობდა.
1906 წ. იმპერატორ ნიკოლოზ II-ის განკარგულებით ბოდბეს I კლასის მონასტრის წოდება მიენიჭა.
ბოდბის მონასტრის ბოლო იღუმენია
ნინო ვაჩნაძე (1917-1924 წწ.)
თუ როგორი იყო ბოდბის მონასტერი XX საუკუნის დასაწყისში, ცოცხალ წარმოდგენას გვიქმნის ოლივერ უორდროპის ერთი წერილი. იგი 1919 წელს სტუმრობდა მონასტერს და აღტაცებული წერდა ამ ვიზიტის შესახებ თავის მეუღლეს: „როცა მონასტერის მივუახლოვდით, ჩვენს წინ აღიმართა ფოთლებითა და მცენარეებით შემკული ტრიუმფალური თაღი. ჩვენ მიგვიღო იღუმენიამ (თავადის ქალმა ვაჩნაძემ). ყველანი შეკრებილიყვნენ მონასტრის გარშემო: მონაზვნები შავ მანტიებსა და ლამაზ თავსაბურავებში, მონასტრის სკოლის გოგონები თეთრ კაბებში გამოწყობილი და იქვე მცხოვრები ხალხი. მღვდელმა შემიპატიჟა ეკლესიაში, რომელიც პირველად IV საუკუნეში აშენებულა და ჩაატარა რამდენიმე წუთიანი მსახურება, ლოცულობდა და ევედრებოდა უფალს, ამ დროს კი მის გარშემო მყოფნი და მონაზვნები გალობდნენ.
იღუმენიამ დამათვალიერებინა გოგონათა საერთო საცხოვრებელი, საკლასო ოთახები, სამზარეულო და სამუშაო ოთახები, სადაც მზადდება ხალიჩები, საეკლესიო ტანსაცმელი, ხატები და ასევე საქარგავი ოთახი. ჩვენ ასევე მოვინახულეთ ბაღი, რომელიც ამშვენებს მონასტერს. გოგონებმა დაგვასაჩუქრეს ყვავილებით, ხალხმა და ბავშვებმა კი გაგვაცილეს შეძახილებით, ჩვენც გავუყევით გზას სიღნაღისაკენ“ (საგულისხმოა, რომ ეს წერილი ბოდბის მონასტრის ამჟამინდელ წინამძღვარს იღუმენია თეოდორას ოლივერ უორდროპის ქალიშვილმა მიაწოდა. მას ქართველთა განმანათლებლის სახელი ჰქვია, ცხოვრობს ინგლისში და მამისა და მამიდის დარად ძალიან უყვარს საქართველო. ქალბატონ ნინოს ცხოველი ინტერესი აქვს თავისი მფარველი წმიდანის სავანის მიმართ, რაზეც მოწმობს მისი მიმოწერა ბოდბის დედებთან).
1924 წელს კომუნისტებმა მონასტერი დახურეს. ბოდბის უკანასკნელი იღუმენია ნინო ვაჩნაძე, მიუხედავად მრავალგზის მუქარისა, მონასტერს არ შორდებოდა, თუმცა საბოლოოდ იძულებული გახდა ბოდბე მიეტოვებინა და თბილისში, ანჩისხატის ტაძართან, დასახლებულიყო, სადაც გარდაიცვალა კიდეც. სამოციან წლებში ბოდბის უკანასკნელი წინამძღვარი, მისივე ანდერძისამებრ, მშობლიურ მონასტერში გადაასვენეს.

  ეს მასალა მოძიებული  www.orthodoxy.ge_დნ
  ვრცლად                                           


                      ***********************************************

ბოდბის მონასტერი გამორჩეულია საქართველოს სულიერ ცხოვრებაში. ამის მიზეზი კი ისაა, რომ აქ განისვენებს ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთა სწორი ნინო. პირველი ტაძარი წმინდანის საფლავზე მეფე მირიანმა ააგო. ტაძარი დიდი და ყოველმხრივ შემკული ყოფილა. იმ დროიდან მოყოლებული ბოდბის მონასტერი ქართველ მეფეთა და დიდებულთა უპირველესი ზრუნვის საგანს წარმოადგენდა.
V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა ტაძარი გააფართოვა და გაამშვენა, სამნავიანი ბაზილიკის სახე კი VII-IX საუკუნეებში მიიღო. XII საუკუნეში დავით აღმაშენებლის ძემ - დემეტრე პირველმა კიდევ ერთხელ განაახლა წმინდა ნინოს განსასვენებელი.
მოციქულთა სწორის ტაძარი იმდენად პატივცემული იყო, რომ მონღოლებმა, რომელთაც მიწასთან გაასწორეს მთელი ქვეყანა, ხელი არ ახლეს ბოდბის ტაძარს.

წმინდა ნინოს საფლავი

წმინდა ნინო
შუა საუკუნეებში, როცა საქართველო დაქუცმაცდა სამეფო-სამთავროებად, ამ ტაძარში იკურთხებოდნენ კახეთის მეფეები. სხვათა შორის, ბოდბის მონასტერში თეიმურაზ I აღსაყდრებას თავად შაჰ-აბასიც კი დასწრებია, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რამოდენიმე წლის შემდეგ მონასტერი დაერბია, რომელიც შემდეგ თეიმურაზ I აღადგინა.
 ბოდბის მონასტერი ოდითგანვე არა მარტო სულიერ, არამედ კულტურულ-საგანმანათლებლო კერასაც წარმოადგენდა. XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან აქ მოქმედებდა სასულიერო სასწავლებელი, სადაც საღვთისმეტყველო საგნებთან ერთად საერო მეცნიერებებიც ისწავლებოდა. აქვე იყო საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი წიგნთსაცავი.

იოანე ბოლნელი
თავდაპირველად, ბოდბეში მამათა მონასტერი იყო. მონასტერი ბოდბის ეპარქიაში შედიოდა, რომლის ერთ-ერთი თვალსაჩინო მღვდელმთავარიც იყო იოანე ბოლნელი (მაყაშვილი). მან კიდევ ერთხელ შეამკო და გაამშვენა სავანე, მოხატა ტაძარი, გააკეთა ახალი კანკელი, ააშენა საეპისკოპოსო სასახლე და კარის ეკლესია. მაგრამ იოანე ბოლნელის  გარდაცვალების შემდეგ ეგზარქოსებმა საერთოდ გააუქმეს ბოდბის ეპარქია, რასაც სემინარიის დახურვაც მოჰყვა. ამის შემდეგ მონასტერს არქიმანდრიტები განაგებდნენ. მათ შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს არქიმანდრიტ მაკარის. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას ქართული გალობის აღორძინებას აქცევდა. ამ საქმისათვის საგანგებოდ მოიწვია მღვდელი გრიგოლ კარბელაშვილი და გალობის სკოლა გამართა.
XIX საუკუნის ბოლოს ეგზარხოსებისაგან მივიწყებულ და უპატრონოდ დარჩენილ სავანეს დიდი ამაგი დასდო ცნობილმა ჰაგიოგრაფმა და ხატმწერმა მიხეილ საბინინმა (საბინაშვილმა). მან წმინდა ნინოს საფლავის ძველი ქვა მარმარილოს ლუსკუმით* შეცვალა. მანვე ჩაუყარა საფუძველი აქ დედათა მონასტრის გახსნას.

თამარ მარჯანიშვილი

ნინო ვაჩნაძე
ამავე საუკუნის მიწურულს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მესამე ეწვია ამ ადგილს და მისი ბრძანებით ბოდბეში დედათა მონასტერი გაიხნა. სხვადასხვა დროს მისი წინამძღვრები იყვნენ თამარ მარჯანიშვილი და ნინო ვაჩნაძე. XX საუკუნის დასაწყისში მონასტრის დების რიცხვი სამასს აღწევდა. აქვე მოქმედებდა კეთილშობილ ქალთა სასწავლებელი.
მონასტერში ქსოვდნენ ხალიჩებს, ქარგავდნენ, ჰყავდათ საქონელი, ეწეოდნენ მეფუტკრეობას, უვლიდნენ ბოსტანს.
1924 წელს კომუნისტებმა მონასტერი დახურეს. მისი უკანასკნელი წინამძღვარი ნინო ვაჩნაძე იყო, რომელიც მონასტრის ეზოში განისვენებს.
კომუნისტების მიერ დარბეული მონასტერი კვლავ აღდგა 1991 წელს. ამჟამად მონასტერში ოცდაათამდე მონაზონი და მორჩილი მოღვაწეობს. მონასტრის წინამძღვარია დედა თეოდორა.

წმ. ზაბულონისა და წმ. სოსანას ტაძარი წყაროზე

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი
ღვთისმოსავ ადამინათა შემწეობით ხდება სავანის აღორძინება: შეიმკო და გამშვენდა წმინდა ნინოს საფლავი, წმინდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულ წყაროზე აიგო განსაბანი და წმინდა ზაბულონისა და წმინდა სოსანას სახელობის პატარა ტაძარი. მონასტერს აქვს საკუთარი მეურნეობა, მოქმედებს ხატწერისა და ხელსაქმის სახელოსნოები. გარდა ამისა, დები ქართული მონასტრებისათვის ტრადიციულად დამახასიათებლ მწიგნობრულ მოღვაწეობასაც ეწევიან: უძველეს ხელნაწეთა საფუძველზე გამოსაცემად ამზადებენ საღვთისმსახურო წიგნებს. მომავალში განზრახულია გოგონათა სასწავლებლის აღდგენა.
მონასტრის ერთ-ერთ სიწმიდეს წარმოადგენს ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი. ხატს კომუნისტების დროს საავადმყოფოდ გადაკეთებულ მონასტერში რენტგენის კაბინეტში მაგიდად იყენებდნენ. ღვთისმშობელი ერთ ექიმ ქალს გამოეცხადა და ხატის თავის ადგილზე გადასვენება უბრძანა. ერთხელ ერთმა ურწმუნო კაცმა ამ ხატის შეურაცხყოფა სცადა და დანით დასერა სახე, რისთვისაც მკაცრად დაისაჯა და სრულიად ჯანმრთელი მოულოდნელად გარდაიცვალა.

განსაბანი წყაროზე

წყაროზე ჩასასვლელი

მონასტრის უკანა ეზო

ხალიჩების ქსოვა

მონასტრის ბოსტანი

მონასტრის საქონელი
*ლუსკუმა

ეს მასალა მოძიებულია http://children.wanex.net/istoria/eqskursia/bodbe.htm_დან

წმინდა ნინოს ტროპარი

სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.